abuladze1973@gmail.com

დამოუკიდებლობის აქტი

       საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი
მიიღო ეროვნულმა საბჭომ 1918 წლის 26 მაისს
“მრავალ საუკუნეთა განმავლობაში საქართველო არსებობდა, როგორც დამოუკიდებელი და თავისუფალი სახელმწიფო. მეთვრამეტე საუკუნის დასასრულს ყოველი მხრით მტრისაგან შევიწროვებული საქართველო თავისი ნებით შეუერთდა რუსეთს იმ პირობით, რომ რუსეთი ვალდებული იყო, საქართველო მტრისაგან დაეცვა. რუსეთის დიდი რევოლუციის მსვლელობამ რუსეთში ისეთი შინაგანი წყობილება შეჰქმნა, რომ მთელი საომარი ფრონტი სრულიად დაიშალა და რუსის ჯარმაც დატოვა ამიერკავკასია. “დარჩნენ რა თავისი ძალღონის ამარად, საქართველომ და მასთან ერთად ამიერკაკასიამ თვით იდვეს თავს საკუთარი საქმეების გაძღოლა და პატრონობა და შესაფერისი ორგანოებიც შეჰქმნეს; მაგრამ გარეშე ძალთა ზეგავლენით ამიერკავკასიის ერთა შემაერთებელი კავშირი დაირღვა და მით ამიერკავკასიის პოლიტიკური მთლიანობაც დაიშალა. ქართველი ერის დღევანდელი მდგომარეობა აუცილებლად მოითხოვს, რომ საქართველომ საკუთარი სახელმწიფოებრივი ორგანიზაცია შეჰქმნას, მისი საშუალებით გარეშე ძალის მიერ დაპყრობისაგან თავი გადაირჩინოს და დამოუკიდებელ განვითარების მტკიცე საფუძველი ააგოს

“ამისდა თანახმად, საქართველოს ეროვნული საბჭო, 1917 წლის ნოემბრის 22-ს არჩეული საქართველოს ეროვნულ ყრილობის მიერ, დღეს აცხადებს:


1)ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და
საქართველო სრულუფლებოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა.
2)დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური ფორმა – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკაა.
3)საერთაშორისო ომიანობაში საქართველო მუდმივი ნეიტრალური სახელმწიფოა.
4)საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას სურს საერთაშორისო ურთიერთობის ყველა წევრთან კეთილმეზობლური განწყობილება დაამყაროს, განსაკუთრებით კი – მოსაზღვრე სახელმწიფოებთან და ერებთან.
5)საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თავის საზღვრებში თანასწორად უზრუნველყოფს ყველა მოქალაქის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს, განურჩევლად ეროვნებისა, სარწმუნოებისა, სოციალური მდგომარეობისა და სქესისა.

6)საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა განვითარების თავისუფალ ასპარეზს გაუხსნის მის ტერიტორიაზე მოსახლე ყველა ერს.
7)დამფუძნებელი კრების შეკრებამდე მთელი საქართველოს მართვა-გამგეობის საქმეს უძღვება ეროვნული საბჭო, რომელიც შევსებული იქნება ეროვნული უმცირესობათა წარმომადგენლებით და დროებითი მთავრობა პასუხისმგებელია საბჭოს წინაშე.


0 коммент.: